Wednesday, December 12, 2012

მიქაელ ულუმბოელი

თავი 10                                 მიქაელ ულუმბოელი
  
 მიქაელ ულუმბოელი – საეკლესიო მოღვაწე, ერთ-ერთი ასურელი მამათაგანი. საქართველოში მოვიდა VI საუკუნის შუა წლებში სხვა ასურელ მამებთან ერთად დააარსა ულუმბოს მონასტერი, რომელიც მდებარეობს შიდა ქართლში, ხაშურის მუნიციპალიტეტში. იყო მისი პირველი წინამძღვარი. დასაფლავებულია იქვე.
10.1 ულუმბოს ღვთისმშობლის ეკლესია
ულუმბის ღვთისმშობლის ეკლესია - არქიტექტურული ძეგლი დგას ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ალის დასავლეთით, მდინარე ჭერათხევის ხეობაში. სამხრეთის შესასვლელის თავზე მოთავსებული სამშენებლო მხედრული წარწერის თანახმად ეკლესია აგებულია 1871 წელს ალექსი კევლიევის (კევლიშვილის) შემწეობით ადრე აქ არსებული ულუმბის მონასტრის ადგილზე.
ულუმბის მონასტერი ერთ-ერთ ასურელ მამათაგანს მიქაელ ულუმბოელს დაუარსებია (დასაფლავებულია იქვე). XIV საუკუნეში ულუმბის მონასტერი თემურლენგის ლაშქარს დაუნგრევია. ამ ადგილის მფლობელს ქუცნა ამირეჯიბს მონასტერი აღუდგენია. XVIII საუკუნის I ნახევარში ულუმბის მონასტერი ისევ მოქმედი იყო. XIX საუკუნეში კი უკვე დაზიანებული მონასტრის ნაგებობები, რომლის კედლებზე შემორჩენილი იყო ქუცნა ამირეჯიბისა და მისი ოჯახის წევრების პორტრეტები, ისევ დაუნგრევიათ და მის საძირკველზე ახლანდელი ეკლესია აუშენებიათ.
ეკლესია დარბაზულია (16X9,30 მეტრი) ნაგებია ნატეხი ქვითა და ქვიშაქვის კვადრებით. შესასვლელი სამხრეთით და დასავლეთით აქვს. სამხრეთის კარი ძველი ეკლესიისაა. აფსიდი ნახევარწრიულია, აღმოსავლეთით, აფსიდში, და დასავლეთით თითო სარკმელია, სამხრეთით და ჩრდილოეთით ორ-ორი. დარბაზის გრძივი კედლების პილასტრბზე გადადის საბჯენი თაღები, რომლებსაც ეყრდნობა ცილინდრული კამარა. სამხრეთისა და ჩრდილოეთის კედლებზე კედლის დეკორატიული თაღებიცაა. აფსიდის საძირკველში ქვიშაქვაზე შემორჩენილია XI საუკუნის მნიშვნელოვანი ეპიგრაფიკული ძეგლი, ასომთავრული წარწერის ფრაგმენტი: „ქრისტე ადიდე შენ მიერ დამყარებული შენ მიერ გვირგვინოსანი სამოთხველად ცამდე ამაღლებული უძლეველი გიორგი მეფე ყოვლისავე აღმოსვლისავე...“



No comments:

Post a Comment