Wednesday, December 12, 2012

სტეფანე ქიზიყელი

თავი 8                                        სტეფანე ქიზიყელი

ნეტარი სტეფანე იყო ათცამეტ ასურელ მამათაგან ერთ-ერთი. მისი ცხოვრების ამსახველმა წერილობითმა წყაროებმა ჩვენამდე ვერ მოაღწია. წმ. მამა ანტიოქიის მახლობლად მდებარე მონასტერში მოღვაწეობდა. იგი იოანე ზედაზნელის მოწაფე იყო და ბუნებრივია, ანგელოზის მიერ არჩეული ერთ-ერთი ქარტიის მფლობელიც.

წმ. სტეფანე ღვთის მორჩილებითა და დიდი სიხარულით გამოემგზავრა ახალმოქცეულ ივერიაში.

ზედაზნის მთაზე დავანებულ მოწაფეებს იოანემ „მიუმცნო მცნება და სწავლა, რომლითა განამტკიცა იგინი“ და განუტევა საქადაგებლად აღმოსავლეთ საქართველოს სხვადასხვა მხარეს. „ზენონ და სტეფანე წარვიდნენ კახეთს და მოვლეს იგი ქადაგებითა ღუთისათა“.
      
წმ. სტეფანემ „აღაშენა სამყოფელი თჳსი ხირსის სოფლის მოახლო, სახელსა ზედა წმ. სტეფანესა“. ხირსა ქიზიყის მხარეშია. თუმცა ცალკეული მაგალითები ხირსელის სასწაულმოქმედი ცხოვრებისა აღარ არსებობს, უდავოა, რომ მან „უირცხუნი ძალნი და ნიშნი აღასრულნა ქვეყანასა ზედა, ვინათგან მრავალ არისნ სასწაულნი“ ქმნილნი ასურელ მამათ მიერ. „შემდეგ მრავალს მოუღუაწებია ქვემო კახეთს“, ნეტარი მამა მშვიდობით აღესრულა. მის მიერ აღშენებულ მონასტერში „დაიდვა წმ. გუამი მისი სავსე სასწაულებითა და ნიშებითა“.
8.1 მონასტერი
ხირსა — კახეთის მხარის სიღნაღის მუნიციპალიტეტის ისტორიული პუნქტი, სოფელი (ყოფილი ხირსის მევენახეობის საბჭოთა მეურნეობის ტერიტორიაზე). შედის ქვემო მაჩხაანის თემის საკრებულოში. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 573 ადამიანი, რომელთაგან 263 კაცი და 310 ქალია.[1]
ძვ. წ. ათასწლეულის I მესამედში წარმოიქმნა დაბის ტიპის მსხვილი სამოსახლო. განვითარებული იყო კერამიკის წარმოება. ძვ. წ. VI-IV საუკუნეებში ქალაქური ხელოსნური წარმოების ჩასახვისა და განვითარების პერიოდში ხირსა თანდათან დაქვეითდა.
VI საუკუნეში საქართველოში ქრისტიანული რელიგიის ერთ-ერთმა მქადაგებელმა სტეფანე ქიზიყელმა (სტეფანე ხირსელმა) აქ მონასტერი დააარსა. ისტორიული ტრადიციით, იგი აქვეა დაკრძალული. წმინდა სტეფანეს მონასტერი დიდ როლს ასრულებდა კახეთის, კერძოდ, მის სამხრეთ-აღმოსავლეთი ნაწილის რელიგიურ ცხოვრებაში. დღეისათვის შემონახულია გუმბათოვანი ტაძარი, რომელიც აგებულია VI საუკუნის ბაზილიკის ადგილზე. ძეგლი მრავალჯერ არის გადაკეთებული (VIII-IX სს., XI ს., XVI ს.).                                                                                                     




No comments:

Post a Comment