Wednesday, December 12, 2012

თადეოზ სტეფანწმინდელი


თავი 5                            თადეოზ სტეფანწმინდელი


სწორედ ასეთი - „წმიდა სიმართლისა და რწმენის ხატის“ ზედწოდება აქვს ცამეტ ასურელ მამათაგან ერთ-ერთს, წმიდა თადეოზ სტეფანწმინდელს, რომლის ხსენებასაც ქართული მართლმადიდებელი ეკლესია აღასრულებს 31 აგვისტოს.
წმიდა თადეოზ სტეფანწმინდელი, იგივე თათე მამებელი, მამა იოანე ზედაზნელის უახლოესი თანამდგომი მოწაფე იყო. ზედაზნის მთაზე დამკვიდრებიდან რამდენიმე ხნის შემდეგ ქართლიდან ხალხმა იწყო მისვლა: იოანეს მრავალი მიმბაძველი ევედრებოდა, ნება მიეცა მასთან ეცხოვრათ. წმიდა იოანე თავისთან არავის ტოვებდა. სამაგიეროდ, მთის ძირში, სადაც ახლა სოფელი საგურამოა, მონასტერი ააშენა და თათეს ჩააბარა.
მონასტერი სავსე იყო ბერებით. ისინი თავიანთ ადგილებს ტოვებდნენ და მიდიოდნენ მთებში, სადაც ჯერ კიდევ იყვნენ კერპთმსახურები. უქადაგებდნენ მათ, ნათლავდნენ და აქრისტიანებდნენ. წმინდა იოანეს გარდაცვალების შემდეგ წმიდა თათემ მონასტერი ილია დიაკვანს ჩააბარა, თვითონ კი ჯვრითა და სახარებით შემოიარა მთები, ააშენა მრავალი ეკლესია, რომელთა შორის ცნობილია წმიდა სტეფანეს ეკლესია ქალაქ ურბნისში. მოციქულთა კვალზე დიდი ხნის მოღვაწეობის შემდეგ წმიდა თათემ მონასტრის აშენება ინება.
შეარჩია მაღალი და ტყიანი მთა, წლევი, მდინარე რეხულას ზემოთ. იმ მთაზე გამოკვეთილ მომცრო სენაკში ცხოვრობდა დიდხანს. ბევრი მოდიოდა მის სანახავად, მისი ქადაგების მოსასმენად, მის გვერდით დამკვიდრება სურდათ. ნეტარი თათე უარს არავის ეუბნებოდა. ყველას მამობრივი სიყვარულით იღებდა. მალე მთა სენაკებით აივსო.
წმიდა მამა ხედავდა, რომ მთა მოწესეებს ვერ დაიტევდა, ამიტომაც მონასტრისა და ეკლესიის აშენება გადაწყვიტა, ეკლესია მთის წვერზე აშენდა. მაგრამ წმიდა თათეს არც ამის შემდეგ დაუტოვებია თავისი გამოქვაბული, გარდაცვალებამდე იქ იმყოფებოდა. მისი წმიდა გვამი ეკლესიაში დაასვენეს. უფალმა ადიდა თავისი მოღვაწე. ნეტარი თათეს საფლავზე მრავალი სასწაული აღესრულება, ისევე, როგორც მის სიცოცხლეში ხდებოდა სასწაულები. წმიდანის ძვლები (როგორც წმიდა შიოს ძვლები) ყოველწლიურად ამოდიოდნენ სამარხიდან ეკლესიაში.





No comments:

Post a Comment